საინვესტიციო კომპანია გალტ ენდ თაგარტის ჩართულობითა და საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის მხარდაჭერით, „ნუტრიმაქსმა“ წარმატებით დაასრულა სადებიუტო საჯარო ობლიგაციების განთავსება. ემისიის ჯამურმა ნომინალურმა ღირებულებამ 10,000,000 აშშ დოლარი შეადგინა.
2-წლიანი ვადის მქონე ობლიგაციების გამოშვების თარიღად 2026 წლის 29 მაისი განისაზღვრა. ობლიგაციებზე საპროცენტო სარგებლის (კუპონის) გადახდა ნახევარწლიურად განხორციელდება, ხოლო საბოლოო საპროცენტო განაკვეთმა 8.5% შეადგინა.
ობლიგაციების ემისიიდან მიღებულ სახსრებს „ნუტრიმაქსი“ არსებული ვალდებულებების რეფინანსირებისა და კაპიტალური დანახარჯების დაფინანსებისთვის გამოიყენებს. ფასიანი ქაღალდები დაშვებული იქნება სს „თბილისის საფონდო ბირჟის“ სავაჭრო სისტემასა და ლისტინგში.
მნიშვნელოვანი ნაბიჯი კომპანიის განვითარების ახალ ეტაპზე
სადებიუტო ემისია „ნუტრიმაქსისთვის“ კაპიტალის ბაზარზე პირველი გამოსვლაა და კომპანიის განვითარების ახალ ეტაპს აღნიშნავს. ტრანზაქცია ადასტურებს, რომ კომპანია მზად არის გააძლიეროს ფინანსური სტრუქტურა, გააუმჯობესოს კორპორატიული მმართველობის სტანდარტები და განაგრძოს რეგიონული გაფართოება.
„ჩვენთვის ეს სადებიუტო ემისია განაცხადია, რომ ნუტრიმაქსი მზად არის განვითარების ახალი, უფრო ფართომასშტაბიანი ეტაპისთვის. ობლიგაციების გამოშვება გვაძლევს შესაძლებლობას, გავაუმჯობესოთ დაფინანსების სტრუქტურა, უფრო ეფექტიანად ვმართოთ კომპანიის ფინანსური რესურსები და მნიშვნელოვნად გავაძლიეროთ კორპორატიული მმართველობის სტანდარტები. დარწმუნებული ვართ, რომ დღევანდელი ნაბიჯი გახდება მყარი საფუძველი ნუტრიმაქსის შემდგომი ზრდისა და ახალი შესაძლებლობების ათვისებისთვის“, – განაცხადა ბექა ბექაიამ, „ნუტრიმაქსის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ.
კაპიტალის ბაზრის მზარდი როლი ბიზნესის განვითარებაში
ტრანზაქციის წარმატებას განსაკუთრებული მნიშვნელობა მიანიჭა ინვესტორთა მაღალმა ინტერესმა და კომპანიის მიმართ გამოხატულმა ნდობამ.
„მოხარული ვართ, რომ მონაწილეობა მივიღეთ ნუტრიმაქსის სადებიუტო ობლიგაციების განთავსებაში. ეს ტრანზაქცია ნათლად აჩვენებს, რომ ქართული კომპანიები სულ უფრო აქტიურად იყენებენ კაპიტალის ბაზარს როგორც ზრდის, ისე დაფინანსების დივერსიფიკაციის ინსტრუმენტად. ემისიის წარმატება ასახავს ინვესტორების ნდობას კომპანიის ბიზნესმოდელისა და მისი განვითარების პერსპექტივების მიმართ“, – აღნიშნა გიორგი კუპრაშვილმა, გალტ & თაგარტის გენერალურმა დირექტორმა.
სახელმწიფო მხარდაჭერა კაპიტალის ბაზრის განვითარებისთვის
საქართველოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დირექტორის, ირაკლი გაბრიაძის განცხადებით, „ნუტრიმაქსის“ წარმატებული ემისია კიდევ ერთი მნიშვნელოვანი მაგალითია იმისა, თუ როგორ შეუძლია კაპიტალის ბაზარს ხელი შეუწყოს ქართული ბიზნესის გრძელვადიან განვითარებას.
მისივე თქმით, კაპიტალის ბაზრის მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე 14 კომპანიის 22 ემისია განხორციელდა, რომელთა მეშვეობითაც საფონდო ბაზარზე მილიარდ ლარზე მეტი საინვესტიციო რესურსია მოზიდული.
ნუტრიმაქსის შესახებ
„ნუტრიმაქსი“ საქართველოს ბაზარზე 2009 წლიდან ოპერირებს და წარმოადგენს შინაური ცხოველების, ფრინველებისა და აკვაკულტურის საკვების ერთ-ერთ წამყვან მწარმოებელს რეგიონში.
2023 წლიდან კომპანიამ მნიშვნელოვანი გაფართოება განახორციელა და ევროპული სტანდარტების კომბინირებული საკვების საწარმოსთან ერთად, რეგიონში კომპანიონი ცხოველებისთვის განკუთვნილი ექსტრუდირებული საკვების ერთადერთი მაღალტექნოლოგიური საწარმო შექმნა.
ადგილობრივ ბაზარზე წარმატებული საქმიანობის პარალელურად, „ნუტრიმაქსი“ აქტიურად ახორციელებს ექსპორტს სომხეთის, აზერბაიჯანის, ყაზახეთის, უზბეკეთისა და მოლდოვის ბაზრებზე, რაც კომპანიის რეგიონულ როლსა და საერთაშორისო განვითარების პოტენციალს კიდევ უფრო აძლიერებს.